ეიჩარებისა და იურისტების შეხევდრა

თემატური ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრის მოკლე ანგარიში 2013 წელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირების ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიზანი არის მისი მაქსიმალური ორიენტირება ეკონომიკური განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. ამ მიზნით ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტთან პარტნიორობით გეგმავს შექმნას ზემოაღნიშნულ საკითხზე მომუშავე თემატური ჯგუფი, რომელშიც ჩაერთვებიან საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი თემატური ჯგუფის ფორმირების მიზნით 2013 წლის 28 მაისს ქ. თბილისის 42 საჯარო სკოლაში შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ერთი მხრივ, სამინისტროს ხედვის გაცნობა ამ საკითხთან მიმართებაში და, მეორე მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში არსებული ძირითადი პრობლემების გამოკვეთა შრომით ბაზართან მიმართებაში. შეხვედრის მონაწილეები შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სსიპებიდან, ასევე წარმომადგენლები ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და საქართველოში მოქმედი მსხვილი კერძო კომპანიებიდან. წარმოდგენილი პრეზენტაციები
სამუშაო შეხვედრაზე ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტმა და ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების დეპარტამენტმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც ნაჩვენები იყო, თუ ზოგადი განათლების სისტემა რამდენად ორიენტირებულია კონკურენტურიანი ეკონომიკური გარემოს შექმნაზე, არსებული სასწავლო პროგრამები რამდენად არის ორიენტირებული ქმედითი ცოდნითა და მრავალმხრივი უნარებით აღჭურვოს მოსწავლე და სხვა. გარდა ამისა, HR პროფესიონალთა გილდიის მიერ წარმოდგენილი იყო გამოკითხვის შედეგები, რომელიც ეხებოდა დეფიციტურ/მოთხოვნილ პროფესიებს და უმუშევრობის მიზეზებს. პრეზენტაციები:

”ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური ხედვა და მიმართება ცოდნის ეკონომიკასთან”, - ნათია ჯოხაძე, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი; ”ზოგადი განათლების ორიენტაცია შრომის ბაზარსა და ეკონომიკაზე”, - ლია გიგაური, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ”განათლება და შრომის ბაზარი”, - ლილი ბიბილაშვილი, HR პროფესიონალთა გილდიის ხელმძღვანელი. HR პროფესიონალთა გილდიის (HRPG) და ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიზანი გახლდათ დამსაქმებლების მიერ შესაბამისი საკადრო რესურსის მოძიების ძირითადი სახასიათო პრობლემების იდენტიფიცირება, კერძოდ, დამსაქმებელთა მოთხოვნების დადგენა, დეფიციტური სპეციალობების (პროფესიების) გამოვლენა და შრომით რესურსებზე მოთხოვნის პროგნოზირება.
მუშაობა თემატურ ჯგუფებში და იდენტიფიცირებული პრობლემები შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ჯგუფებში მუშაობას და იმ პრობლემების იდენტიფიცირებას, რომლებიც მონაწილეთა აზრით ხელს უშლის კავშირს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შრომის ბაზარს შორის.
ქვემოთ მოტანილია ჯგუფების მიერ დასახელებული ამ პრობლემების ჩამონათვალი:
ა) შრომის ბაზრის კვლევის არარსებობა;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების არარსებობა;
გ) სასკოლო საზოგადოებაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა (რისი ერთ-ერთი მიზეზი არის მასწავლებლის პროფესიის არაპრესტიჟულობა);
დ) სკოლებში მოსწავლეები ვერ იღებენ იმ კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია კონკურენტუნარიან გარემოში წარმატებისთვის:
ე) სუსტი კავშირი დამტკიცებულ საგნობრივ სტანდარტებსა და კლასში განხორციელებულ სწავლებას შორის; მასწავლებელი არ მიყვება სტანდარტს; სტანდარტი საკმაოდ მაღალ კომპეტენციებზე გადის, რაც არარეალისტურია.
ვ) მოძველებულ კონცეფციაზე დაფუძნებული სტანდარტიზებული საგამოცდო სისტემა;
ზ) გამოცდების კონცეფცია არ არის მორგებული რეალურ საჭიროებებს;
თ) მოსწავლე ვერ ხედავს კავშირს სწავლის პროცესსა და მომავალ კარიერას შორის;
ი) მოსწავლეთა არასწორი მოტივაცია - აქცენტი გადატანილია ნიშანზე და არა - ცოდნის შეძენაზე;
კ) რეგიონსა და დიდ ქალაქებს შორის ხარისხიანი განათლების არათანაბარი ხელმისაწვდომობა;
ლ) არაქართულენოვანი მოსახლეობის პრობლემები (სახელმწიფო ენის ფლობის დაბალი დონე;
მ) წიგნიერების დაბალი დონე;
ნ) ეფექტური კომუნიკაციის დეფიციტი სკოლასა და დამსაქმებლებს შორის;
ო) სკოლების მხრიდან კერძო კომპანიებში ექსკურსიების არარსებობა გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციების მოწყობის მიზნით;
პ) პროფილური სკოლების ნაკლებობა;
ჟ) პროფესიული განათლების არაპრესტიჟულობა;
რ) სახელმწიფო (უფასო) პროფესიული სასწავლებლების სიმცირე.
ს) პროფესიული, საგანმანათლებლო ლიტერატურის ნაკლებობა;
ტ) არ არსებობს შესაძლებლობა, რომ კერძო კომპანიის მიერ გადამზადებულ სპეციალისტებისთვის გაცემული დოკუმენტი აღიარებულ იქნას სახელმწიფოს მიერ და ვალიდური იყოს ნებისმიერ სხვა ადგილზე წარდგენისას